„მიწის ყივილი“ უთვისტომო კაცის ამბავია და ის სამშობლოდან შორს − საფრანგეთში ვითარდება. იქ ერთ პატარა ქალაქში ერთმანეთს ახალგაზრდა ქართველი და ღრმად მოხუცებული ფრანგი ხვდებიან. რა არის ეს − შემთხვევითი და საბედისწერო შეხვედრა? შეხვედრა წარსულთან? შეიძლება ასეც ითქვას, თუმცა ეს უფრო ხანგრძლივი მოლოდინის, ქვეცნობიერში ჩაბუდებული იმედის − აწ უკვე მინავლებულ-მივიწყებულის − ლოგიკური გაგრძელება, შედეგი და გარდაუვალი დასასრულია. როდესაც ხსოვნას არ შემორჩენია სახელები და სახეები, ბინდი გადაჰკვრია მოგონებებს ბავშვობაზე, მშობლებსა და სამშობლოზე... რა შეიძლება იყოს ამის საპირწონე? პასუხი მიხეილ ჯავახიშვილის ამ არაჩვეულებრივ მოთხრობაში გელოდებათ.