ორლანდო, რომელიც ახლად დავაჟკაცებული ჭაბუკი გახლდათ, ფლობდა უცნაურ ზემოქმედების ძალას – აეფორიაქებინა ადამიანების ფანტაზია და ის თვალი მიეპყრო, რომელიც მის ხსოვნას გაცილებით დიდხანს შემოინახავდა ცოცხლად, ვიდრე სხვა, უფრო სიცოცხლისუნარიან თვისებებს შესწევთ უნარი, არ გაქრნენ დროში. ამ იდუმალ გრძნებას სილამაზის, წარმომავლობის და რაღაც, უფრო იშვიათი ნიჭის ერთობლიობა ქმნიდა, რომელსაც შეიძლება ელვარე ხიბლი ვუწოდოთ. ვირჯინია ვულფი (1882-1941) აღიარებულია XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოდერნისტ მწერლად და ნოვატორად. იგი ცნობილ ინტელექტუალთა „ბლუმსბერი ჯგუფის“ დამფუძნებელია. ჯეიმზ ჯოისის კვალდაკვალ იგი პირველთაგანია, ვინც შეიმუშავა და გამოიყენა „ცნობიერების ნაკადის“ სტილი ლიტერატურაში (რომანები „გზა შუქურისკენ“, „მისიზ დელოვეი“, „ტალღები“ და სხვ.). „ორლანდო“ სრულიად განსხვავებული სტილისტიკის რომანია, ორიგინალური ფანტასმაგორია, სადაც ავტორი ჟამთააღმწერლად გვევლინება და მსუბუქი ირონიით, ხანაც მძაფრი სატირით ხატავს იშვიათი გარეგნობისა და პოეტური ნიჭით დაჯილდოებული დიდგვაროვანი ინგლისელი ჭაბუკის ზღაპრულ მოგზაურობას საუკუნიდან საუკუნეში, სამყაროდან სამყაროში, მის გარდასახვას მამაკაციდან ქალწულად და შემდეგ შეყვარებულ ქალად... ვირჯინია ვულფის ამ რომანმა საგრძნობი ზეგავლენა მოახდინა XX საუკუნის ლიტერატურაზე და იგი დღესაც მუდმივი მსჯელობის და კვლევის საგანია.
- წინათქმა
- კარი პირველი
- კარი მეორე
- კარი მესამე
- კარი მეოთხე
- კარი მეხუთე
- კარი მეექვსე
- სქოლიო