სახელგანთქმულმა ფრანგმა მწერალმა ალექსანდრე დიუმამ ნაწარმოები – „ქალი ხავერდის ყელსაბამით“ – 1850 წელს დაწერა და მიუძღვნა თავის მეგობარს, მწერალ შარლ ნოდიეს, რომელიც 1844 წელს გარდაიცვალა. ნაწარმოებში მოქმედება 1793 წლის საფრანგეთში ვითარდება. ეს რევოლუციური ტერორის ეპოქაა, როდესაც შეუსვენებლად „მუშაობს“ გილიოტინა, „თავისუფლებისა და წესრიგის“ ათასობით დამცველის თვალი დაუღალავად ეძებს ახალი რეჟიმის მტრებს. თუმცა პარიზი მაინც ისე იზიდავს ყველას, როგორც სინათლე ფარვანას. გამონაკლისი არც გერმანელი სტუდენტი ჰოფმანია. მეოცნებე ხელოვანს მთელი სამყარო ერთ დიდ თეატრად წარმოუდგენია, რომლის მთავარი სცენა სწორედ პარიზია. ზუსტად ამ ქალაქში მას დაუჯერებელი თავგადასავალი ელის. იგი ხან რეალურ, ხანაც ირეალურ სამყაროში აღმოჩნდება, მის გარშემო განვითარებული მოვლენები კი ხშირად ფანტასტიკურ ელფერს იძენს. ნამდვილად არსებობს თუ ჰოფმანის წარმოსახვის ნაყოფია ხავერდისყელსაბამიანი ქალი? სინამდვილეში ვინ არის იდუმალი ჩია კაცი? რა ხდება გილიოტინასთან შუაღამის პარიზში? – ეს არის შეკითხვები, რომლებიც მუდამ ტრიალებს მკითხველის გონებაში. კითხვისას ნაწარმოებიც ზუსტად ისევე ჩაგითრევთ, როგორც ჰოფმანი ჩაითრია რაღაც ზებუნებრივმა მოვლენამ იმ ირეალურ სამყაროში, საიდანაც თავის დაღწევა თან უნდა და თან – არა.
- I. ჰოფმანის ოჯახი
- II. შეყვარებული და შეშლილი
- III. მაესტრო გოტლიბ მური
- IV. ანტონია
- V. ფიცი
- VI. პარიზის ბარიერი 1793 წელს
- VII. როგორ იყო დაკეტილი მუზეუმები და ბიბლიოთეკები, ხოლო რევოლუციის მოედანი – გახსნილი
- VIII. „პარისის სამსჯავრო“
- IX. არსენი
- X. „პარისის სამსჯავროს“ მეორე წარმოდგენა
- XI. სამიკიტნო
- XII. პორტრეტი
- XIII. მაცდუნებელი
- XIV. ნომერი 113
- XV. მედალიონი
- XVI. სასტუმრო სენტ-ონორეს ქუჩაზე
- ბოლოსიტყვაობა – არსენალი
- სქოლიო