ანიკა მექანიკურის მოთხრობები მანდარინის გემოიან საღამოებს ჰგავს, მზიან ამინდში წყალზე თვალდახუჭულ ტივტივს, კიდევ სიზმრის თევზს ან თუნდაც სიზმარჩიტას; ზოგჯერ ომის ძარღვიან, იარაღის ჭერისგან დაკოჟრილ ხელებს, ჯიბეში საიდუმლოდ ჩაცურებულ ირმებიან სათამაშოს ან სულაც ბაბუაწვერას მიწაში ჩარგვით გაცოცხლებულ სურვილს, დედის მოლოდინს, მამას მიმსგავსებულ ხესთან ატირებას, მანათობელ ფორთოხლებს... მის სამყაროში გრძელთმიან ბებიებს, გოგოდედებს, ჭრელკაბიან ქალიშვილებს და დიდი ადამიანისთვალებიან ბავშვებს კაბაზე აცოცებული ჭიანჭველები, დაშაქრულ-შემწვარი ვაშლები, თბილი რძის სურნელი, პიტნის ჩაი, შავი ბურკა, ზოგჯერ კი ზღვის წყლით ავსებული წყლის პისტოლეტი აკავშირებს და აერთიანებს. როგორ გინდა გაუძლო?.. მარტივ რჩევას მოგცემთ: გრამატიკის მკაცრი კანონები უნდა დაივიწყოთ, სტილისტურ ჩარჩოებზე უარი თქვათ, მერე კი ბევრი დაითმინოთ, ყველა ნაბიჯი ერთი ზომისა გადადგათ, თავდახრილმა იაროთ, ნასიზმრალი თვალები რომ არავის აჩვენოთ; არც ბნელ აღმართს შეუშინდეთ, არ იფიქროთ, რომ გზას ხელზე გადაიხვევს ვინმე და ფეხქვეშ მიწას გამოგაცლით. აკი, ანიკაც ასე იქცევა, სჯერა, რომ ყველაფერი სიზმარია და მხოლოდ ეს მზიანი დღე, ჭიანჭველების სიცოცხლე და ჩვენი ხელების ჩაკიდებაა სინამდვილე. ჯერ არ იცის, თავიდან ბოლომდე რომ მიწისაა, ამას მერე გაიგებს. სახლების მოშინაურება თუ გსურთ, ანიკას მკითხველი უნდა გახდეთ. მერე კი, კითხვის პროცესში ზღვის და მანდარინის სურნელს რომ იგრძნობთ, ჩათვალეთ, რომ ყველაფერი კარგად არის (მაკა ლდოკონენი).
- ყდა
- თავფურცელი
- სახლების მოშინაურება
- ჭიანჭველების დღე
- ჩვენ აქ აღარ ვცხოვრობთ
- ჩაი
- წმინდა ატომი
- ცხვრები
- გემების
- მანდარინის გასინჯვის დღეები
- სახლების გამოლოცვა
- მე მდინარე ვარ
- სიზმრების გადაფრენა