იზაბელ დე შარიერი მე-18 საუკუნის კოსმოპოლიტური აზროვნების ევროპელი მწერალი ქალი იყო. ძველ ჰოლანდიურ ოჯახში აღზრდილი ბელ დე ზუილენი ცოლად გაჰყვა კეთილშობილი წარმომავლობის მამაკაცს ვოს რეგიონიდან და ცხოვრების ნახევარი ნეშატელის მახლობლად გაატარა. ფრანგულ ენას ბავშვობიდან დაეუფლა, მთელი ცხოვრება მას აღმერთებდა და ამ ენაზე წერდა. სტილისა და სულისკვეთების მიხედვით მისი შემოქმედება ფრანგული ლიტერატურის ერთ-ერთი ღირსეული ნიმუშია. იზაბელ დე შარიერის შემოქმედება მრავალფეროვანია: პოლიტიკური ესეები, პამფლეტები, კომედიები, საფრანგეთის რევოლუციის ანალიზი, თუმცა მისი ნიჭი განსაკუთრებით რომანებში გაიფურჩქნა. განმანათლებლობის ეპოქის საუკეთესო მცოდნეები დღეს მას მე-18 საუკუნის ბოლოს, ქალთა რომანის აყვავების პერიოდის დიდ რომანისტად მიიჩნევენ. ფემინისტური იდეებით გაჟღენთილ მის რომანებში, იმ პერიოდის ქალების მდგომარეობა დახვეწილი სტილით არის აღწერილი და გაანალიზებული, რაც დღემდე აქტუალური და მნიშვნელოვანი რჩება. სიმონ დე ბოვუარმა ის მეორე სქესში მოიხსენია, როდესაც საზოგადოებაში ქალის ბედს შეეხო და ბრწყინვალე ინტელექტის ახალგაზრდა ქალის ცხოვრება აღწერა, რომელიც „საქმროებს“ აფრთხობდა; მგრძნობიარე და ფაქიზი სული ქორწინებით კვდება, წერდა ის. იზაბელ დე შარიერი ამ რომანში „სამი ქალი, ტურის აბატის ნოველები“ სამი ქალბატონის ცხოვრებას დახვეწილი იუმორით გვიყვება. ემილი – მედიდური და ეგოისტი დიდგვაროვანი ახალგაზრდა ქალბატონი, მისი მსახური – კეთილი გულის ქალი – ჟოზეფინი, კონსტანსი – შეძლებული ქვრივი მდიდარი წარსულით. საფრანგეთის რევოლუციის გამო სამი ქალბატონი იძულებულია გერმანიაში დასახლდეს. სწორედ აქ აღმოჩნდებიან სიტუაციაში, რომელიც მათ ცხოვრებას სრულიად ცვლის. ემილი, ობლად დარჩენილი, ახალგაზრდა ღარიბი არისტოკრატი, მას თან ახლავს მოახლე ჟოზეფინი. კონსტანსი, ბევრისმნახველი მდიდარი ქვრივი, რომელიც მათთან ახლოს დასახლდება და მათ უცხო საზოგადოებასთან შეგუებაში ეხმარება. „სამი ქალი, ტურის აბატის ნოველები“ ფილოსოფიური რომანია, თუმცა იუმორით გაჟღენთილი დიალოგები მას სიმსუბუქეს სძენს. ავტორი შესანიშნავად აღწერს სოციალურ უთანასწორობას, ის სამ ემიგრანტ ქალს ანდობს დავალებას, მათი თავგადასავლების, სიყვარულის, გეგმების მიღმა მკითხველს აგრძნობინონ განმანათლებლობის ნიავი, რომელიც წინასწარ შექმნილ, მოძველებულ აზრებს შეარყევს. ქართველი მკითხველისთვის საინტერესო იქნება ამ მრავალმხრივ განსწავლული ქალი მწერლის გაცნობა, რომელიც ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში თამამად საუბრობდა იმ თემებზე, რაც დღესაც აქტუალურია.
- მთარგმნელის წინასიტყვაობა
- სამი ქალი. მეორე ნაწილი
- პროლოგი
- წერილი პირველი
- მეორე წერილი
- მესამე წერილი
- მეოთხე წერილი
- მეხუთე წერილი
- მერვე წერილი
- მეცხრე წერილი
- მეათე წერილი
- მეთერთმეტე წერილი
- მეთორმეტე წერილი
- სამი ქალის გაგრძელება
- კონსტანსის ამბავი
- სქოლიო