რომენ გარი (1914-1980 წწ.), რომლის ნამდვილი გვარია კაცევი, დაიბადა ვილნოში (ახლანდელ ვილნიუსში). ბავშვობაშივე დედასთან ერთად ჯერ პოლონეთში, ხოლო შემდეგ საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაეწერა გენერალ დე გოლის არმიაში და მონაწილეობდა საფრანგეთის განმათავისუფლებელ ბრძოლაში. მიღებული აქვს საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორის წოდება, განმათავისუფლებელი ბრძოლის კომპანიონის ორდენი, საბრძოლო მამაცობის ჯვარი ორჯერ, წინააღმდეგობის მოძრაობის მედალი და დაჭრილთა მედალი. ომის შემდეგ იგი დიპლომატიურ კარიერას გაჰყვა. რომენ გარი რამდენჯერმე დაქორწინდა. მისი ერთ-ერთი მეუღლე „ახალი ტალღის“ სახელგანთქმული მსახიობი ჯინ სებერგი საეჭვო წრეში აღმოჩნდა, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ კი ჯინ სებერგმა თავი მოიკლა. ერთი წლის თავზე, რომენ გარიმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. სიკვდილის წინ კი დატოვა ბარათი: „ჩემს სიკვდილს არაფერი აქვს საერთო ჯინ სებერგთან. გატეხილი გულების მოყვარულთ ვთხოვ, ნუ იდარდებენ... რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ჩემს დეპრესიას დავაბრალოთ. მაგრამ მაშინ უნდა გაგიმხილოთ, რომ ამ დეპრესიაში მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვიმყოფები და სწორედ მისი წყალობით ვარ მწერალი“. რომენ გარის კალამს ეკუთვნის ოცზე მეტი რომანი და პიესა, რომელთაც სხვადასხვა ფსევდონიმით აქვეყნებდა – რომენ გარი, ემილ აჟარი, ფოსკო სინიბალდი, შატან ბოგატი. იგი ერთადერთი მწერალია, რომელსაც ორჯერ აქვს მიღებული საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია – გონკურის პრემია – წიგნებისთვის „ცის ფესვები“ და „ცხოვრება წინაა“. მას გადაღებული აქვს ასევე ორი ფილმი ჯინ სებერგის მონაწილეობით. რომენ გარის რომანებიდან განსაკუთრებით გამოირჩევა: „ცხოვრება წინაა“, „ცის ფესვები“, „დაპირება განთიადისას“, „ქალის ნათელი“, „ფრანები“... I
- I
- II
- III
- IV
- V
- VI
- VII
- VIII
- IX
- X