წიგნში შესულია ვახტანგ ჯავახაძის მიერ 2012-2016 წლებში დაწერილი ლექსები, რომლებიც პერიოდულად ქვეყნდებოდა ლიტერატურულ პრესაში და მკითხველის ინტერესსა და გამოხმაურებას იწვევდა. მაგრამ ამ მხრივ, არა მხოლოდ ვახტანგ ჯავახაძის შემოქმედების, არამედ თანამედროვე ქართული ლიტერატურისთვის უპრეცედენტო აღმოჩნდა „ელეგია: „ყელსაბამი“, რომელმაც ერთი ხელის მოსმით დაამსხვრია მითი, რომ პოეზიას არ კითხულობენ. ივლისის თვეში (მაშინ, როცა ყველა ისვენებს ან შვებულებისთვის ემზადება) გამოქვეყნებულმა ლექსმა ერთბაშად დაიპყრო სოციალური ქსელი და რამდენიმე დღის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემად იქცა. ამ წიგნში კარგად ჩანს ვახტანგ ჯავახაძის პოეტური პროფილი, რომელიც მუდამ თანამედროვეა, ახალი ფორმებისა და სათქმელის მაძიებელი, სიყალბისა და უძრაობის უარმყოფელი.