კალათა

დეტალურად

მე სწორედ ის ექიმი გახლავართ, რომელსაც ზოგჯერ უდიერად მოიხსენიებენ ამ მონათხრობში. ვისაც ფსიქოანალიზისა რაიმე გაეგება, ალბათ ისიც მოეხსენება, თუ სად უნდა მიუჩინოს ადგილი იმ ანტიპათიას, რომელსაც პაციენტი ჩემდამი გამოხატავს. ფსიქოანალიზზე არაფერს ვიტყვი, რადგან ამ ფურცლებიდან ისედაც ბევრს გაიგებთ მასზე. პირველ რიგში, ალბათ ბოდიში უნდა მოვიხადო ჩემი საქციელისთვის, პაციენტი ავტობიოგრაფიის დასაწერად რომ წავაქეზე; ფსიქოანალიზის მკვლევარნი ცხვირს აუბზუებენ ამ სიახლეს, მაგრამ ის უკვე ხანში შესული გახლდათ და ვიმედოვნებდი, წარსულის გახსენებით ისევ დაუბრუნდებოდა ცხოვრების ხალისი, რომ ავტობიოგრაფია ფსიქოანალიზისთვის კარგი პრელუდია იქნებოდა. ეს იდეა დღევანდელი გადასახედიდანაც ნაყოფიერად მიმაჩნია, რადგან სრულიად მოულოდნელი შედეგები მივიღე, რომლებიც ალბათ კიდევ უფრო ეფექტური იქნებოდა, ავადმყოფი მკურნალობის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში რომ არ გამრიდებოდა და თავისი მოგონებების ხანგრძლივი, მოთმინებით აღსავსე გაანალიზების ნაყოფი ჩემთვის ხელიდან რომ არ გამოეცალა. ამ ჩანაწერებს შურისძიების მიზნით ვაქვეყნებ და იმედი მაქვს, მას ეს შეაწუხებს. თუმცა, მინდა ისიც იცოდეს, რომ მზად ვარ, მასთან ერთად გავიყო ის უხვი ჰონორარი, რასაც ჩანაწერების გამოქვეყნება მომიტანს, იმ პირობით, თუ მკურნალობას ისევ განაგრძობს. ისეთი დაინტერესებული ჩანდა თავისი პიროვნებით! რომ იცოდეს, რამდენი მოულოდნელობა ელოდება იმ სიმართლისა და ტყუილის გამო, რასაც მან აქ თავი მოუყარა!..
  • 1. წინასიტყვაობა
  • 2. პრეამბულა
  • 3. მოწევა
  • 4. მამაჩემის სიკვდილი
  • 5. ჩემი ქორწინების ისტორია
  • 6. ცოლი და საყვარელი
  • 7. სავაჭრო გაერთიანების ისტორია
  • 8. ფსიქოანალიზი
  • სქოლიო