1986 წელს ორმა ამერიკელმა მკვლევარმა - ელ რაისმა და ჯეკ ტრაუტმა თავიანთ წიგნში „მარკეტინგული ომები“ განაცხადეს, რომ „მარკეტინგი ეს ომია, სადაც კონკურენტი მტერია, მომხმარებელი კი, დასაპყრობი ტერიტორია“. ამერიკელი მკვლევარების „მარკეტინგული ომები“ გამოსვლისთანავე იქცა მსოფლიო ბესტსელერად. წიგნმა თავის დროზე მარკეტინგული გადატრიალება მოახდინა მარკეტოლოგებში და კონკურენტული ომების მეთოდოლოგიაში. „მარკეტინგული ომები“ მსოფლიოში ათობით ათასი პროფესიონალის სამაგიდო წიგნი გახდა და დღეს ფაქტობრივად, შეუძლებელია იპოვოთ მარკეტინგის სპეციალისტი, კომპანიის ხელმძღვანელი ან მენეჯერი, რომელიც წიგნს ყოველდღიურ საქმიანობაში არ იყენებს. წიგნში მრავლად არის მოყვანილი წარმატებული და წარუმატებელი მარკეტინგული კამპანიების მაგალითები, რისი წყალობითაც „მარკეტინგული ომები“ ძალიან საინტერესო წასაკითხია. წიგნში, რომელშიც ავტორები 20 წლის განმავლობაში ჩატარებულ მარკეტინგული კამპანიებს იხსენებენ, რაისი და ტრაუტი სამხედრო მწერლისა და ოფიცრის კარლ ფილიპ გოტლინ ფონ კლაუზევიცის სამხედრო თეორიას დაეყრდნენ. გერმანელი ოფიცრის კლასიფიკაციის თანახმად, „მარკეტინგულ ომებში“ ავტორებმა ოთხი სამხედრო პოზიცია: თავდაცვითი, შეტევითი, ფლანგური და პარტიზანული პოზიცია გამოყვეს და მკითხველს უკანასკნელი სამი ათწლეულის მარკეტინგული წარმატებებისა და შეცდომების ახლებური, ღრმა ანალიზი, რჩევები შესთავაზეს. „ბრძოლის დაწყებამდე მნიშვნელოვანია განსაზღვროთ თქვენი მოქმედი პოზიცია მომავალ ბრძოლის ველზე, კონკრეტულად კი თქვენი პროდუქტის ან მომხმარებლის ტვინში. ამ ბრძოლის ყველაზე მშვიდობიანი გზა მარკეტინგული კვლევის ჩატარებაა“, – აღნიშნავენ ავტორები. „მარკეტინგული ომების“ წაკითხვა ქართველ მკითხველს უკვე მშობლიურ ენაზეც შეუძლია.