უნდა ითარგმნოს თუ არა ნაწარმოები იმ ენაზეც, რომელ ენაზე მოლაპარაკე ხალხიც ამ ნაწარმოებში გარკვეულად სუბიექტურადაა დანახული და დახატული, თუნდაც ავტორის უდიდესი სურვილისა, პირუთვნელი დარჩენილიყო?
ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ ავტორი, რომელიც ჩემი მეგობარია და საქართველოში სხვა მეგობრებიც ჰყავს (აკი წიგნსაც თავის აფხაზ და ქართველ მეგობრებს უძღვნის), მაინც ბოლომდე პირუთვნელობას ვერ ინარჩუნებს და აფხაზ-ქართველთა ურთიერთობის ანალიზისას, იქნებ მისდა უნებურად, აფხაზებისაკენ იხრება. ჩემი აზრით, ეს გასაგებიცაა. ჯერ ერთი, ქართველებთან შედარებით აფხაზები მცირერიცხოვანი ხალხია, ხოლო ადამიანის ბუნებაა, მცირეს, პატარას გამოესარჩლოს. მეორე, ცხადია, ადამიანი ვისთანაც ცხოვრობს, ურთიერთობს, ამასთან, დიდი ხნის განმავლობაში, გარკვეულწილად მისი თვალით უყურებს და აფასებს მასთან დაკავშირებულ მოვლენებს. გურეცკი კი მრავალჯერაა ჩასული აფხაზეთში და ხანგრძლივადაც უცხოვრია იქ.
ამ შეკითხვით მრავალ ჩემს მეგობარს მივმართე. ზოგმა მითხრა, არაა საჭირო მაგის გაკეთება, აფხაზებს ისედაც მრავალი ქომაგი და შემგულიანებელი გამოუჩნდათ და მაგ წიგნის გამოცემით კიდევ ერთი კოზირი მიეცემათ მათ ხელშიო. ზოგმა პირიქით, განაცხადა, რახან წიგნი უკვე გამოცემულია, თუნდაც ჯერ მხოლოდ პოლონურ ენაზე, არ გაჭირდება მისი რუსულად, აფხაზურად და სხვა ენებზე თარგმნა და ლამაზი არ იქნება სირაქლემის პოზა მივიღოთ, ვითომ ვერაფერს ვერ ვხედავთ და არაფერი არ გვესმისო. ამიტომ სჯობს ეს წიგნი ჩვენც გამოვცეთ, ხოლო რამდენად ობიექტურია ავტორი, ამის დადგენა პირუთვნელ ისტორიკოსებს მივანდოთო.
მეც უფრო ამ უკანასკნელთ დავუჯერე, წიგნი ვთარგმნე, ხოლო ობიექტურობის შესაფასებლად ის ცნობილ და თავისი პატიოსნებით ცნობილ ისტორიკოსს, აფხაზეთის უნივერსიტეტის პროფესორს ბეჟან ხორავას გადავეცი. მის კომენტარებს მკითხველი წიგნის ბოლოს გაეცნობა. ნაწარმოებს გაეცნო და მოიწონა ასევე თბილისში მცხოვრებმა აფხაზმა ისტორიკოსმა, პროფესორმა გიორგი ანჩაბაძემ.
- ყდა
- თავფურცელი
- ავტორის შესახებ
- მთარგმნელის მცირე წინასიტყვაობა
- * * *
- * * *
- 1993 წლის ნოემბერი
- 1994 წლის აპრილი
- 1994 წლის მაისი
- ნოემბერ-დეკემბერი, 1996 წელი
- აგვისტო-სექტემბერი 1997
- 1999 წლის ივნისი
- 2000 წლის ნოემბერი
- 2007 წლის ოქტომბერი
- 2009 წლის ივნისი
- 2010 წელი და შემდეგ
- სამადლობელი
- სქოლიო