„მე ხომ მხოლოდ ის მინდოდა, ისე მეცხოვრა, როგორც ამას ჩემი მე ითხოვდა, რატომ იყო ეს ასე ძნელი?“ - ეს სიტყვები ეპიგრაფად უძღვის ჰერმან ჰესსეს რომანს „დემიანს“ და ამით კარგად წარმოჩნდება ნაწარმოების მთავარი სათქმელი. მწერალს სწორედ იმ ტანჯვის მხატვრულად ხორცშესხმა და გამოსახვა სურდა, რომელსაც იწვევს „მეს“ შემეცნება, ადამიანის სწრაფვა სრულყოფილებისაკენ, რომელიც დაკარგული სამოთხის ძიებას ედარება. რომანის მთავარი გმირი ყმაწვილი დემიანია, ერთგვარი მისტიკური და სიმბოლური სახე, რომელიც თავის თავში თანაბრად მოიცავს ანგელოზურსაც და დემონურსაც. ის ზინკლერს ადრეულ ბავშვობაში შემთხვევით გადაეყრება, დაუმეგობრდება და დიდწილად განსაზღვრავს მის სულიერ ძიებებს. დემიანი, ამავე დროს, შეიძლება გავიაზროთ, ჩვენი სულის მეამბოხე ნაწილის ერთგვარ პერსონიფიცირებად, „ბოროტ სულად“, რომელიც აშფოთებს გონებას, კლავს ყმაწვილის „ბრმა სარწმუნოებას“ და ადამიანს ყოფის შემაძრწუნებელ უფსკრულებს აზიარებს. ამ ნაწარმოებშიც ჰესე ჩვეული ოსტატობითა და შთამბეჭდაობით ჰყვება ადამიანის სულის ჭიდილის შესახებ. 1922 წელს დაწერილ ერთ წერილში თვითონ ჰესე „დემიანს“ ასე განმარტავდა: „ეს წიგნი აქცენტს აკეთებს ინდივიდუალიზაციაზე, პიროვნების ჩამოყალიბებაზე, რომლის გარეშე უმაღლესი სულიერი ცხოვრება არ არსებობს. ამ პროცესში კი აუცილებელია საკუთარი თავის რწმენა, თვითდაჯერება. ამ დროს მხოლოდ ერთადერთი მტერი გებრძვით - პირობითობა, ირიბობა, მეშჩანურობა. უკეთესია ებრძოლო ყოველგვარ ეშმაკს, ვიდრე აღიარო პირობითობის ყალბი „ღმერთი“. მართლაც, ყოველგვარ პირობითობასა და სიყალბესთან ბრძოლის პათოსით არის ეს ნაწარმოები განმსჭვალული.
- თავი პირველი
- თავი მეორე. კაენი
- თავი მესამე. ავაზაკები
- თავი მეოთხე. ბეატრიჩე
- თავი მეხუთე. ჩიტი ლამობს კვერცხიდან თავი დააღწიოს
- თავი მეექვსე. იაკობთან ბრძოლა
- თავი მეშვიდე. ქალბატონი ევა
- თავი მერვე. აღსასულის დასაწყისი