იაკობ გოგებაშვილის ცხოვრების ყაიდა თვალნათლივი და საუკეთესო ნიმუშია, თუ როგორ შეიძლება ერთმა პიროვნებამ ორთაბრძოლაში გამოიწვიოს იმპერია და ეს უთანასწორო შერკინება სასწაულებრივი გამარჯვებით დაასრულოს.
ქართული სკოლის შექმნა უკიდურესად მკაცრი და მიზანდასახული რუსიფიკატორული რეჟიმის პირობებში სხვა არაფერია, თუ არა ჰეროიკული ღვაწლი, სასწაულებრივი ელვით გასხივოსნებული.
ამ შეფასებაში არ ურევია პათეტიკის ნასახიც კი.
ეს მხოლოდ ლაკონური და მიუკერძოებელი განსაზღვრებაა.
იაკობ გოგებაშვილმა თითქმის შეუძლებელი შეძლო და მისი ცხოვრება ამ მხრივაც სამაგალითოა.
მაინც ვინ იყო ეს უჩვეულო კაცი?
როგორ გაბედა ასეთ უთანასწორო ბრძოლაში ჩაბმა?
ან წარმატებას როგორღა მიაღწია?
ეს ყოველივე ხელისგულზე ძევს როსტომ ჩხეიძის ახალ ბიოგრაფიულ რომანში, რომელშიც ლიტერატურული, ისტორიული და ფსიქოლოგიური სიღრმითაა გადახსნილი „დედა ენის“ შემოქმედის პიროვნული ხასიათიც, ცხოვრების შინაგანი დრამატიზმიცა და ეპოქის სულიც.
გარეგნულად რაოდენ მშვიდად გამოიყურებოდა მისი ცხოვრების ყაიდა, თავგადასავლებს განრიდებული და ერთხელ დადგენილ კალაპოტში მიმდინარე. შეგაცბუნებს კიდეც მისი უკიდურესი პედანტიზმი და ზუსტად გამოზომილი ყოველი ნაბიჯი... სულში კი ამ დროს რა ძალის ვულკანი ბობოქრობდა.
და თუ ასე გამოზომილად უნდა ეცხოვრა, მხოლოდ იმიტომ, რომ უკურნებელი სენით შეპყრობილს საგულდაგულოდ მოევლო თავისათვის და დროზე ადრე არ დაეტოვებინა საწუთრო.
მას ხომ ჯერ ვალი უნდა მოეხადა ქვეყნის წინაშე, აღესრულებინა ის მისია, რისთვისაც მოვლენილიყო - გაექართულებინა სკოლა, განესაზღვრა აღზრდის სისტემა, მკვიდრ საძირკველზე დაეშენებინა საყმაწვილო ლიტერატურა.
და წუთისოფელთან ჭიდილში გამარჯვება მას დარჩებოდა.
ამ ფონზე კი იმპერიასთან შეჯახება და მის ხელთაგან გამოგლეჯა ქართული სკოლისა რაღა გასაკვირი უნდა იყოს, როგორც სასწაულის ბუნებრივი დაგვირგვინება.
იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებას ადრე თუ გვიან შესაფერისი აღმწერიც უნდა გამოსჩენოდა და ეს ბიოგრაფიული რომანი სწორედ ამის დასტურია.
- ყდა
- თავფურცელი
- * * *
- თავი პირველი. არჩევანი
- თავი მეორე. იოსებ მამაცაშვილის სალონი
- თავი მესამე. გასწორაძე
- თავი მეოთხე. ხომალდები ბუხარში
- თავი მეხუთე. იის სურნელი, იის საიდუმლო
- თავი მეექვსე. „ზოგიერთნი იქ რაღაცასა ცელქობენ“
- თავი მეშვიდე. ვიდრე მისია აღსრულდებოდეს
- თავი მერვე. ილია და იაკობი: შრომის განაწილება
- თავი მეცხრე. პოლიტიკოსად პედაგოგიკაში
- თავი მეათე. ჩემი პირველი მოთხრობა
- თავი მეთერთმეტე. ღალატი ენის – ღალატი ქვეყნის
- თავი მეთორმეტე. ეს აუხსნელი გზანი უფლისანი
- თავი მეცამეტე. საქართველოს საყმაწვილო ისტორია – ფრაგმენტებად
- თავი მეთოთხმეტე. მოკვდა ენა? მოკვდა ხალხიც
- თავი მეთხუთმეტე. „საქართველოს ექსარხოსი“ მაინც ერქვა
- თავი მეთექვსმეტე. რობესპიერის ლანდი ან მიფრინავენ კალოშები
- თავი მეჩვიდმეტე. ჩაქრა ლამპარი დიდებული
- თავი მეთვრამეტე. ათასი ელვის ისარი
- თავი მეცხრამეტე. ზრუნვა, ზრუნვა... საფლავისათვის
- თავი მეოცე. „რაც აზრი მქონდა, ავასრულე“
- თავი ოცდამეერთე. მეფე ერეკლეც რომ ცოცხალი ყოფილიყო
- ეპილოგი