ხალხური სამზარეულო, მასში გამოყენებული პროდუქტები, კერძების ტიპები და მათი მომზადების ტექნოლოგია ნათლად ასახავს ხალხის კულტურულ ისტორიას.
ქართული სამზარეულო მრავალფეროვანია და რთულიც კი. იგი მოიცავს მრავალგვარი საკაზმისა და საწებლის, ნიგვზის, სუნელების და სხვადასხვა მცენარეების გამოყენების მთელ სისტემას.
განუმეორებელია საქართველოს თითოეული კუთხისთვის დამახასიათებელი კერძები: თუშური ყველი, ხევსურული ერბო, ფშავური ხაჭო, რაჭული ლორი, სვანური კუდბარი, აჭარული აჩმა და ა.შ. შეიძლება ერთი და იგივე კერძი, ერთნაირი დასახელებით სხვადასხვა კუთხეში მეორდება, მაგრამ მომზადების პროცესი და შემადგენლობის მცირედი სხვაობა თითოეულ მათგანს განსაკუთრებით პიკანტურს და განუმეორებელს ხდის.
შევეცადეთ შეგვერჩია ცალკეული მხარისთვის დამახასიათებელი ძირითადი კერძები, რომლებიც წლების განმავლობაში ერთგული მსახურებივით მტკიცედ შემორჩა ქართულ სუფრას.
ვიმედოვნებთ, რომ კულინარული მოგზაურობა საქართველოში სიამოვნებას მოგანიჭებთ.