ცნობილი ქართველი მეცნიერი, ჟურნალისტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, არაერთი ნაშრომის ავტორი დევი სტურუა თავისი ცხოვრების განმავლობაში შეხვედრია სრულიად არაორდინალურ ადამიანებს. ადრეულ წლებში ოჯახურად (1941-1949 წლებში მამამისი იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე), ხოლო შემდეგ თანამდებობრივად (1961-1970 წლებში მუშაობდა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნად) მას ჰქონდა ურთიერთობა ისეთ პიროვნებებთან, რომლებმაც, ასე თუ ისე, თავისი დაღი დააჩნიეს წინააღმდეგობებით სავსე საბჭოთა ეპოქას. წიგნში – „სტალინი, ხრუშჩოვი, ბრეჟნევი“ – დევი სტურუა შეეცადა შეექმნა საბჭოთა კავშირის ლიდერების, იოსებ სტალინის, ნიკიტა ხრუშჩოვისა და ლეონიდ ბრეჟნევის სახეები და პორტრეტები, შეძლებისდაგვარად ობიექტურად მოეთხრო მკითხველისათვის იმ მოვლენების შესახებ, რომლებშიც ისინი მთავარ როლს ასრულებდნენ. როგორც ავტორი აღნიშნავს, შეძლებისდაგვარად ობიექტურად იმიტომ, რომ, საბოლოო ჯამში, ყველა მემუარი და მოგონება, თვით ისტორიკოსის მსჯავრიც კი სრულიად სუბიექტურია ან განზრახვით, ან თავისთავად, უნებლიეთ.
- შესავლის მაგიერ
- სტალინი
- ხრუშჩოვი
- ბრეჟნევი
- ბოლოთქმის მაგიერ
- P. S.
- ფოტოგალერეა