კალათა

დეტალურად

მცირე ფრაგმენტი ოთარ ჭილაძის წერილიდან: „პატრიოტული, გნებავთ, ეროვნული ნერვის სიმძაფრით გამოირჩევა ზვიად კვარაცხელიას ნაწერი, ვითომ ნოვატორულ, ვითომ მოდერნისტულ, ვითომ თამამ და თავისუფალ, ნამდვილად კი, ათასჯერ გადაღეჭილ, გაცვეთილ, დაშრეტილ და ყველა „სიკეთესთან“ ერთად, თითიდან გამოწოვილ პრობლემებით გაძიძგულ წიგნების ზღვაში. დარწმუნებული ვარ, მისი გამოჩენა სამწერლო ასპარეზზე მხოლოდ იმის იმედს განუმტკიცებს ყველა ჩვენგანს, არასოდეს რომ არ დაძაბუნდება ქართული სიტყვა, იგივე ქართული სული, ქართული ცნობიერება...“ ლევან ბრეგაძე: ამ წიგნის ავტორის მოკლე დახასიათება, საბუთებით განმტკიცებული. ამ წიგნის ავტორი მაძიებელი კაცია, ერთი მისი პერსონაჟივით, რომელიც კითხულობს: „რატომ მახრჩობს და მასახიჩრებს სურვილი, გავიგო რა ხდებოდა დასაწყისის წინ, რა მოხდება დასასრულის მერე?!“ ამ წიგნის ავტორი ქვეყნისთვის გულშემატკივარი კაცია, რომელიც თავისი სხვა პერსონაჟის პირით ამბობს: „ძნელია, არა, ფუნჯის და ტილოს გარეშე შედევრის შექმნა, უ-და-კავშიროდ წიგნის დაწერა?! უფრო ძნელია უყურო აწმყოს და არ აქვითინდე“. ამ წიგნის ავტორი ორიგინალურად მოაზროვნეა, ღრმად მოაზროვნეც, - აი თუ არა: „ძნელია გიყვარდეს სიტყვა „ხსოვნა“, რომელიც ყოველგვარ ტოლერანტობასაა მოკლებული და სააქაოში დარჩენილთ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში სახავს, ვიდრე იმქვეყნად გაბიჯებულ ადამიანიშვილებს“. (ვიცი, ამ ციტატის ფაქიზი ირონია არ დაგრჩებოდათ შეუმჩნეველი). ამ წიგნის ავტორს შესწევს ძალა ორი სიტყვით გამოხატული ერთი დეტალით თავით ბოლომდე დაგვიხატოს სახასიათო პორტრეტი კაცისა: „როცა გულის ერთი მხარე ღვთისკენ გეწევა, მეორე გეუბნება - არ მოიშალო ბოროტის დოინჯი“. ამ წიგნის ავტორი სატირიკოსის ტალანტითაც გახლავთ დაჯილდოებული; ამაში დასარწმუნებლად იხ. ცოდვის განმარტება 151-ე გვერდზე და ცოდვილის მიერ ცოდვათა სიის ამოკითხვის ეპიზოდი (იქვე). ამ წიგნის ავტორს ამბავთმთხზველობის ნიჭის გარდა სიტყვათმთხზველობის ნიჭიც გამოჰყოლია და გაცვეთილი გამოთქმების გამოყენებას ურჩევნია ახალი (ოღონდ მაინც გასაგები!) სიტყვების გამოსაგონებლად გაისარჯოს, - ამითაც გვამახსოვრებს თავს: „მრავალთათვის ნაუბარს თათა ბებო ახლა მე მიხელახლებს“; „უტეხობა ებადრათ სახეზე“; „ახლა თავიდან დატრიალდება სიუჟეტი, გაგისაკუთრდება მოყმის ხვედრი“... ამ ავტორის წიგნის წაკითხვა ღირს.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • სააქაოს მემუარები
  • Nuda Veritas
  • მებოძირი
  • გამოცხადება
  • ჩვენ
  • ლილო-ჭრილოზე ამოწვერილი ენძელა
  • შენთვის
  • ჰაე