კალათა

დეტალურად

პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი (1893-1979 წწ.) დაიბადა ელიზავეტგრადში (Єлисаветград, შემდგომ – კიროვოგრადი, Кропивницький, უკრაინა), მართლმადიდებელი მღვდლის ოჯახში, რომელიც მალევე ოდესაში გადავიდა საცხოვრებლად. ფლოროვსკიმ სკოლაში შეისწავლა ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ლათინური, ბერძნული და ებრაული ენები. უკვე თვრამეტი წლისამ გადაწყვიტა, აკადემიურ დონეზე შეესწავლა ფილოსოფია და ისტორია. 1919 წელს ახალგაზრდა ფლოროვსკიმ ოდესის უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა, მაგრამ, პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. 1921 წლის დეკემბერში ფლოროვსკიმ მიიღო ჩეხეთ-სლოვაკეთის მთავრობის სტიპენდია. მალევე დაიწყო მუშაობა კარლის უნივერსიტეტში (Charles University), ასევე – რუსულ და სლავურ ინსტიტუტებში. 1926-1939 და 1945-1948 წლებში ფლოროვსკი პარიზში მოღვაწეობდა, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კი ბელგრადში იმყოფებოდა, სადაც კაპელანთა სკოლაში ასწავლიდა. 1932 წელს მღვდლად აკურთხეს, ამ პერიოდიდანვე იგი აქტიურად ერთვება ეკუმენურ დიალოგში. საფრანგეთში ფლოროვსკი წმიდა სერგის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ინსტიტუტის (პარიზი) პატრისტიკის პროფესორი გახდა. მან თავისი მრავალი სტატია და კრიტიკული წერილი მიუძღვნა მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების, ეგზეგეტიკისა და ეკუმენური მოძრაობის საკითხებს. მართალია, ფლოროვსკის ღვთისმეტყველის აკადემიური ხარისხი არ ჰქონია (თუ არ ჩავთვლით რამდენიმე საპატიო ხარისხს, რომლებიც მოგვიანებით მიიღო), თუმცა მთელი თავისი ცხოვრება სახელგანთქმულ საღვთისმეტყველო ინსტიტუტებში ასწავლიდა. 1930 წელს მამა გიორგიმ ევროპულ ბიბლიოთეკებში მასშტაბური კვლევები ჩაატარა და დაწერა თავისი უმნიშვნელოვანესი შრომა – “რუსული ღვთისმეტყველების გზები“ (Ways of Rusian Theology), რომელშიც განიხილავს დასავლური სქოლასტიზმის, პიეტიზმისა და იდეალიზმის იმ გავლენას, რომელიც რუსულ ღვთისმეტყველებაზე აისახა. ნაშრომმა სათანადო დაფასებაცა და განსჯაც დაიმსახურა. 1949 წელს ფლოროვსკი ნიუ-იორკში გადავიდა და წმიდა ვლადიმირის მართლმადიდებლური სემინარიის დეკანი გახდა. განუზომელია მისი წვლილი ამ სასწავლებლის განვითარების საქმეში. 1955 წელს მამა გიორგი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. 1956 წლამდე პროტოპრესვიტერი ასწავლიდა ბოსტონის საღვთისმეტყველო სკოლებსა და ნიუ-იორკში, რის შემდეგაც ჰარვარდის (დიდი ბრიტანეთი) საღვთისმეტყველო სკოლაში კითხულობდა ლექციებს პატრისტიკაში, რუსეთის კულტურასა და ისტორიაში. 1964 წლის შემოდგომაზე ფლოროვსკიმ პრინსტონის უნივერსიტეტში (Princeton University) განაგრძო მოღვაწეობა, სადაც სლავურ ენებსა და რელიგიას ასწავლიდა.
  • პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი
  • ეკლესიის საზღვრების შესახებ
  • ევქარისტია და კათოლიკობა
  • წმიდა გრიგოლ პალამა და მამათა ტრადიციები
  • მართლმადიდებლური სწავლება ღვთისმშობლის შესახებ
  • ეკლესიის მამები და ძველი აღთქმა
  • დაკარგული ბიბლიური გონება
  • „ვიდოდი ღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა“
  • წმიდანთა თაყვანისცემის შესახებ
  • გამოცხადება, ფილოსოფია და თეოლოგია
  • განკაცების მოტივი
  • უძველესი კრებებისა და მამათა გარდამოცემის ავტორიტეტი
  • სულის „უკვდავება“
  • სქოლიო