მაკა ცხვედიანის სადებიუტო წიგნში ან ნამდვილ ამბებს იპოვით, ან ამ ამბების დაშვებას. ამიტომ მკითხველს ხშირად სიშიშვლის უხერხული განცდაც კი უჩნდება და სვამს კითხვებს: „ჩემზეა?“ „ჩემზე წერს?“ არადა, კონკრეტული ადრესატი არ არსებობს. ავტორი წერს იმაზე, რაც სულ იყო და სულ იქნება; რაც ერთდროულად სიყვარულის სინაზესაც ჰგავს და გაშიშვლებულ სიმართლესაც. დამყოლიცაა და მოუხელთებელიც, როგორც თევზის სენდვიჩს წატანებული ავი თოლია იზმირის სანაპიროზე. და იზმირი სულაც არაა გაქცევა, უფრო – საკუთარ თავთან შერიგებაა. გადაიტან – ჰპირდება ავტორი საკუთარ გმირს, ელენს, რომელიც გულგახეთქილი კითხულობს: შეიძლება, რომ სიყვარულისგან მოკვდეს ადამიანი? ჩვენ აუცილებლად გვეტკინება, მიგვატოვებენ, მოგვიკვდება გამზრდელი ბებია, გაგვიჩნდება ნაოჭები, დავკარგავთ კბილებს და ხანდახან – ორიენტირებსაც, მაგრამ სანამ ტკივილის განცდას შევძლებთ, ესე იგი ვისუნთქებთ კიდეც. და სანამ ვსუნთქავთ, როგორც ლეო ამბობს ამ წიგნში, აზრი ყოველთვის აქვს ფაფხურს.
- იზმირელი მეთევზე
- მე და შენ, მარინე
- მიტოვებული სახლების სევდა
- გამარჯობა, ელლი!
- მოპარული ზაფხული
- ქალაქელი ბეღურები
- გასტონის კრეპერია
- კაკაოს დღე
- ელენი გარგრის სურნელით