კალათა

დეტალურად

ერეკლე დეისაძის მოთხრობების კრებული „ოთარაანთ ქვიარი“ ავტორის მიერ ბოლო დროს დაწერილ ოთხ მოთხრობას აერთიანებს: „მწვადამიანი“ (...ვეტყვი, რომ საშობაო სუფრაზე მის ხორცს არ შევჭამ, რადგან ყველაფერი რაც გიყვარს, არ იჭმევა); „გემრიელად მიირთვით“ (...დედაჩემმა მითხრა, სახლში წადი და ქმარს მიხედე, კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამსო, შვილები გაუჩინე, ბავშვი ყველაფერს დაალაგებსო); „სიზუსტე“ (...როცა ადამიანი კვდება, მარხავენ. ტუსის შემთხვევაში პირიქით მოხდა. ჯერ დამარხეს და მერე მოკვდა); „ოთარაანთ ქვიარი“ (...მე დავკარგე მშობლები, ოჯახის წევრები, მაგრამ ვიპოვე საკუთარი თავი, რომელიც არც არასდროს დამიკარგავს); ერეკლე დეისაძე ამ მოთხრობებში მხატვრული ოსტატობით, თხრობის ლაკონიური ხერხის გამოყენებით, თანამედროვე მკითხველისთვის გასაგებ ენაზე ახერხებს მოთხრობის კლასიკურ ყალიბში მოაქციოს თავისი სათქმელი და ჩვენი თანამედროვეობის უმწვავეს თემებზე შეაჩეროს მკითხველის ყურადღება: ბავშვების ცხოვრება ქუჩაში, ომი და მისი შედეგები, ქალთა მიმართ ძალადობა, საზოგადოების გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე და სტერეოტიპების ტყვეობა, ხელისუფალთა გულგრილობა, სექსუალური უმცირესობები და მრავალი სხვა. ამ წიგნის ქართულ გამოცემამდე, ერთ-ერთი მოთხრობა „სიზუსტე“ ბრიტანულმა გამომცემლობა „კომა პრესმა“ ქართული პროზის ინგლისურენოვან ანთოლოგიაში შეიტანა, უახლოეს მომავალში კი ერეკლე დეისაძის მოთხრობების ეს კრებული გერმანიაშიც გამოიცემა.
  • მწვადამიანი
  • გემრიელად მიირთვით
  • სიზუსტე
  • ოთარაანთ ქვიარი