ჰაინერ რანკი სამეცნიერო ფანტასტიკისა და დეტექტივის ჟანრის ერთ-ერთ საუკეთესო მწერლადაა მიჩნეული გერმანიაში, თავის სამშობლოში. თუმცა მის ნაწარმოებებს გერმანიის ფარგლებს გარეთაც კარგად იცნობენ და მრავალ ენაზეა თარგმნილი. ჰაინერ რანკი 1931 წლის 11 დეკემბერს დაიბადა გერმანიის ქალაქ ნოვავესში. უმაღლესი განათლება გერმანიაშივე მიიღო, ეკონომიკის განხრით, თუმცა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მრავალი პროფესია მოსინჯა. ერთი პერიოდი ტრაქტორისტადაც კი მუშაობდა. გარდა ამისა, ფოტოგრაფიულ სტუდიაში თანაშემწეც იყო, 1955 წლიდან კი თავის მომავალ საქმიანობასთან ახლოს მდგომ სფეროში აღმოჩნდა – წერის ნიჭი ბავშვობიდანვე ჰქონდა, მოგვიანებით კიდევ უფრო დახვეწა ოსტატობა და ნაციონალურ თეატრში რეჟისორისა და დრამატურგის ასისტენტად, უშტატო თანამშრომლად მუშაობდა. ხანდახან თავისივე დაწერილ პიესებსაც დგამდა. თეატრალურ საქმიანობას სხვა მწერლების გაცნობა მოჰყვა და ახალი იდეებიც გაუჩნდა. სწორედ სხვა მწერლებთან თანაავტორობით და ფსევდონიმებით (პეტერმანი და ჰაინერი) დაწერა რამდენიმე დეტექტიური რომანი, რომლებიც ჟურნალ-გაზეთებშიც ქვეყნდებოდა და წიგნებადაც გამოიცა. რამდენიმე დეტექტიური ნაწარმოები დამოუკიდებლადაც შექმნა, შემდეგ კი – დაახლოებით XX საუკუნის 70-იან წლებში, სამეცნიერო ფანტასტიკაში „გადაბარგდა“, თუმცა დეტექტივების წერასაც აგრძელებდა. თავის ქვეყანაში რანკი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. 1988 წელს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მწერალთა ასოციაციის ხელმძღვანელადაც კი აირჩიეს, თუმცა იყო ისეთი პერიოდიც მის ბიოგრაფიაში, როცა თავისივე ქვეყანაში პოლიტპატიმრის სტატუსს ატარებდა – 1963-1964 წლებში ციხეში იჯდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან წასვლის შესახებ აგიტაცია-პროპაგანდის ბრალდებით... რანკის ნაწარმოებები მრავალ ენაზეა თარგმნილი, მწერალი დღესაც აქტიურად აგრძელებს მოღვაწეობას და წერს, ძირითადად, სამეცნიერო ფანტასტიკას და დეტექტივებს ქმნის.
- 1
- 2
- 3
- 4
- 5
- 6
- 8
- 9
- 10
- 11
- 12
- 13
- 14
- 15
- 16
- 17
- 18