„სუნთქვის შემგროვებელი“ ნათია როსტიაშვილის მეორე კრებულია, რომელშიც სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში დაბეჭდილი და აქამდე დაუბეჭდავი მოთხრობებია თავმოყრილი. „შემგროვებლობა“ მწერლის უმთავრესი გატაცებაა, მეტიც – ჯანსაღი ვნება, რომელიც ახალ თავგადასავლებს წარმოშობს. გროვდება არა მხოლოდ ამბები, არამედ შეგრძნებები – შიშები, ტკივილები, სიხარულები, ნეტარებები(ც); რაც მთავარია, მრავალფეროვანია ვარიაციებიც იმ საკითხზე, თუ რისთვის გროვდება ეს ყველაფერი – თამაშისთვის? ცხოვრებისთვის? გადარჩენისთვის?.. მკითხველი მისთვის სასურველ და საინტერესო პასუხებს აუცილებლად იპოვის, თამაშის წესებშიც იოლად ჩაებმევა, რადგან ნათია როსტიაშვილის შემოქმედებითი გარემოს მთავარი მოცემულობა – სიკეთეა და ატმოსფერო კი იუმორით, ხშირად სათქმელის სიმძაფრის მიუხედავად, მაინც (გასაძლები) სიმსუბუქით გაჯერებული. მრავალფეროვანი სიტუაციები კი წარმოსახვის თავბრუდამხვევ ჯადოსნობას შეგაგრძნობინებთ. ამ სამყაროს ნდობა ძნელი არაა – აქ ბედნიერებაც შესაძლებელია. ხოლო, თუ როგორ – ეს თავად უნდა წაიკითხოთ.
- დურგლის ბიჭი, არაცაცხვის გოგო და მე
- ამალიას ზარი
- სიუჟეტი
- ზენომ ზენოს ამოსძახა
- სუნთქვის შემგროვებელი
- დამნაშავე უდანაშაულოა
- ამბები ბაბუაწვერასთვის
- არ ჩანს დრიჰად-ნუა დურბინდიდან
- ჩემი საქმე წასულია, მარუს
- აბრეშუმის ნია