მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებაში „კურდღელი“ ერთ-ერთი საუკეთესო მოთხრობაა. მასში შვილმკვდარი დედის ფსიქოემოციური მდგომარეობა, ამ მდგომარეობის ტრაგიზმია აღბეჭდილი. ეს უბედური პაციენტისა და ფსიქიატრის ურთიერთობის ემოციური, შთამბეჭდავი ამბავია. სიდონიას დანაშაულის გრძნობა ტანჯავს, ვერ ეგუება თავს დამტყდარ ტრაგედიას და... რეალობას ცვლის: იჯერებს არარსებულს, იტყუებს თავს, ცხოვრობს გამოგონილ სამყაროში და... ფსიქიატრი ფრიდონ დარაშვილი მის დახმარებას − განკურნებას ცდილობს. მან უბედური ქალი დანაშაულის მტანჯველი გრძნობისგან უნდა გაათავისუფლოს!