„ცინკის ბიჭები“ 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის – სვეტლანა ალექსიევიჩის მესამე წიგნია „უტოპიის ხმების“ ციკლიდან. წიგნის მთხრობელები – ომის ვეტერანები, დედები, ქვრივები, მედდები... – გვიყვებიან იმ სიმართლეს ავღანეთის ომზე (1979-1989 წწ.), რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება წლების განმავლობაში უმალავდა საკუთარ ხალხს. სვეტლანა ალექსიევიჩს მკითხველამდე მოაქვს ავღანეთგამოვლილთა შიშველი ემოციები და, ამიტომაც, თარგმანში შენარჩუნებულია როგორც ინტონაციები, ისე – დაულაგებელი, ფრაგმენტული შთაბეჭდილებები და შეფასებები ომზე, რომელმაც უმძიმესი კვალი დააჩნია თითოეული პერსონაჟის ცხოვრებას. წიგნში ასევე შესულია ოქმები სასამართლო პროცესებიდან (1992-1994 წწ.), რომელიც „ცინკის ბიჭების“ გამოცემის შემდეგ გაიმართა ბელარუსში. პროცესებზე ავტორიტარულმა რეჟიმმა მწერლის წინააღმდეგ მისივე რეალური პერსონაჟები გამოიყვანა. რაც შეეხება წიგნის სათაურს: მიუხედავად იმისა, რომ ქიმიური ელემენტის – Zincum-ის ქართული შესატყვისი თუთიაა, წიგნის სახელწოდებაში ორიგინალისეული „ცინკის“ დატოვება ვარჩიეთ, რადგან ხალხის მეტყველებაში დამკვიდრებული ეს სიტყვა ზუსტად ასახავს ეპოქის ტრაგიზმს – სწორედ ამ სახელით მოდიოდა საქართველოშიც კუბოები ავღანეთიდან, რომლებშიც გამორჩეული ქართველი ბიჭები იყვნენ ჩასვენებული.
- პროლოგი
- უბის წიგნაკებიდან (ომში)
- დღე პირველი – „...რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა“
- დღე მეორე – „ხოლო ესე აღესრულა სიმწარითა სულისაჲთა“
- დღე მესამე – „არა შეუდგეთ თქუენ მუცლით – მეზღაპრეთა და მსახვრალთა...“
- POST MORTEM
- „ცინკის ბიჭების“ სასამართლო (ისტორია დოკუმენტებში)
- სქოლიო