რომანს „მაიკლ კეის ცხოვრება და დროება“, რომელიც კრიტიკოსების მიერ აღიარებულია მწერლის საუკეთესო ნაწარმოებად, 1983 წელს მიენიჭა ინგლისურენოვანი ლიტერატურის ყველაზე პრესტიჟული პრემია „ბუკერი“. 2003 წელს ჯონ მაქსველ კუტზეეს გადაეცა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში... სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, XX საუკუნე, აპართეიდის დრო. კეიპტაუნიდან, სადაც სამხედრო მოქმედებები ვითარდება, მებაღე მაიკლ კეის ავადმყოფი დედა მიჰყავს პრინს-ალბერტში, ფერმაში, სადაც ის დაიბადა... ვინ არის ნაწარმოების მთავარი გმირი? მას ფიზიკური ნაკლი აქვს – კურდღლის ტუჩით დაიბადა, ცოტათი გონებრივადაც ჩამორჩენილია, მაგრამ ეს – ერთი შეხედვით პატარა, შეუმჩნეველი ადამიანი სრული თავისუფლებისკენ მიისწრაფვის. მაიკლი უპირისპირდება საზოგადოებასა და ცივილიზაციას, არ სჭირდება არავინ – მას ძალიან ცოტა უნდა, მაგრამ თან ძალიან ბევრიც – უბრალოდ, სურს, თავისი ცხოვრებით იცხოვროს, სრულ ჰარმონიაში იყოს საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან. მაგრამ განა შესაძლებელია საზოგადოებისაგან გათავისუფლება ისე, რომ მის ნაწილადაც დარჩე?..