დღევანდელი ცხოვრება მეცნიერული პროდუქტების გარემოცვაში ყოფნას ნიშნავს. რაც უნდა მნიშვნელოვანი იყოს მეცნიერების მიერ შექმნილი პროდუქტი, არანაკლებ საინტერესოა მისი შექმნის მეთოდები და პროცესი, ემპირიული დაკვირვებიდან – თეორიამდე, თეორიის მოდიფიკაციიდან – მტკიცებულებამდე. მეცნიერული მეთოდი ეწინააღმდეგება უწინდელ შესაძლებლობას ჭეშმარიტების შეცნობისა „ზემდგომის“ კარნახით, რისი რწმენაც ეფუძნებოდა არა მტკიცებულებას, არამედ იმას, თუ ვინ აწვდიდა ადამიანს ამ მტკიცებულებას. ამ წიგნში წარმოდგენილი მეცნიერები უარყოფდნენ „ზემდგომის“ მიერ სიმართლის განსაზღვრას და აკვირდებოდნენ მათ ირგვლივ არსებულ სამყაროს, მოვლენების ასახსნელად ქმნიდნენ თეორიებს და ავითარებდნენ მათ მომავალი კვლევებისთვის. გზა სიბნელიდან და ცრურწმენიდან სინათლისკენ ყოველთვის უსაფრთხო როდი იყო. როდესაც ვესალიუსმა გალენის ძალაუფლებასთან დაპირისპირება გაბედა, ის მატყუარად და შეშლილად გამოაცხადეს; ძმები მონტგოლფიერების მტკიცებულებებმა მხოლოდ სკეპტიციზმი გამოიწვია. გალილეი და კოპერნიკი ძლივს გადაურჩნენ ჯორდანო ბრუნოს ბედს – კოცონზე დაწვას, როდესაც, მიღებული საეკლესიო დოგმის საწინააღმდეგოდ, მზის სისტემის ჰელიოცენტრული თეორია წარმოადგინეს და კაცობრიობას მომავლისაკენ გზა გაუნათეს.