რა არის ის, რაც ბელგრადს, ამ უძველეს ქალაქს, სხვა ქალაქთაგან გამოარჩევს, ან უფრო სწორედ – რის გამოა ის ასე საინტერესო მილორად პავიჩისათვის, გარდა იმისა, რომ მშობლიური ქალაქია და მისი ცხოვრების ყველა ეპიზოდიც ამ ქალაქს უკავშირდება? ამ წიგნში არის ისტორიაც, გროტესკიც, უფრო კი ფარული სევდა და სინანული, რომლითაც გამსჭვალულია თხრობის მანერაც და ცალკეული პასაჟებიც; ამ წიგნში ყველას თავისი ბელგრადის წარმოდგენა შეუძლია, „ყველაზე ლამაზ ადგილას გაშენებული ყველაზე მახინჯი ქალაქისა“, რომელსაც წარსული უფრო აქვს, ვიდრე აწმყო, თუმცა მისი შეცნობა და დანახვა ადამიანურ ძალთა შინაგანი, უხილავი პლასტებითაა შესაძლებელი.