„იქ, სადაც სდუმან პირამიდები, მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე“ – ვინ არის ამ სტრიქონების ავტორი? ვინ დაწერა 14 ლექსი, რომელსაც „ელენე დარიანის დღიურების“ სახელით ვიცნობთ? ცნობილმა პოეტმა პაოლო იაშვილმა თუ უცნობმა ქალმა ელენე ბაქრაძემ? რატომ არასდროს სრულდება დავა ლექსების ავტორის შესახებ? რისთვის რჩება საიდუმლო საიდუმლოდ? რატომ დუმდნენ ელენე ბაქრაძე და პაოლო იაშვილი? რატომ არასოდეს დაუჩემებიათ ლექსების ავტორობა? ირინა, თამთა მელაშვილის ახალი რომანის გმირი, ელენე დარიანის საუკუნოვანი საიდუმლოს გახსნას ცდილობს, თუმცა ეს მცდელობა მისივე პირადი ცხოვრებით განპირობებული ინტერპრეტაციაა, ხოლო ალტერნატიული მითი დარიანის შესახებ ჩვენ თვალწინ იბადება.