„ჟამი გულისა“ – ესაა მიმოწერა ორ დიდ პოეტს შორის. ამ მიმოწერაში ჩანს ორი სამყარო, ორი პოეტის გული. ინგებორგ ბახმანი (1926-1973) და პაულ ცელანი (1929-1970) განეკუთვნებოდნენ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გერმანულენოვანი პოეზიის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებს. ისინი ერთმანეთისგან ბევრი რამით განსხვავდებოდნენ, მათ შორის წარმოშობით. ქალი – ავსტრიელი გერმანელია კლაგენფურტიდან, სკოლის მასწავლებლის ოჯახიდან; კაცი კი – გერმანულენოვანი ებრაული ოჯახიდან, ჩერნოვიციდან. მათი პოეტური ბედ-იღბალიც ასევე განსხვავებულია. მიმოწერა ამ ორ პოეტს შორის, მათი ადამიანური სიახლოვე და გრძნობები აისახა წიგნში „ჟამი გულისა“. 2008 წელს ნათესავებმა და ანდერძის აღმსრულებლებმა წერილების გამოქვეყნების აკრძალვაზე ყადაღა მოხსნეს და გამოამზეურეს წიგნი, რომელმაც ლიტერატურაში დიდი სენსაცია მოახდინა.