სამმა გარემოებამ მიკარნახა ჩემი წიგნისთვის სათაურად: „ლექსი – თეთრი ბილეთი“ დამერქმია.
1. თუ „გიჟი“ არა ხარ, ლექსებს რატომ წერ...
2. თუ შენი წიგნის წაკითხვის მერე არ წამოიძახეს – ეს ხომ ნამდვილი „სიგიჟეაო“ – ჯობია, საერთოდ, გვერდზე გადადო კალამი...
3. კაცობრიობის ისტორიაში, ძლიერთა ამა სოფლისათა, პატარა, მართალი ლექსის გამო არაერთი ლექსის მსახური გამოუმწყვდევიათ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, საიდანაც, როგორც შიშის ლანდი, მართლაც, ჭკუიდან გადასული დაუბრუნებიათ ტირანთა ხელში სათამაშოდ ქცეული, ზომბირებული საზოგადოებისთვის...
ასეა თუ ისე, „თეთრი ბილეთი“ ყველაზე მძიმე, ავისმომასწავებელი და შიშისმომგვრელი დამღა იყო კომუნისტური ერთმმართველობის დროსაც...
ჰოდა, ვინაიდან მეც ამ სამყაროს ნაწილი ვარ და კალამია ჩემი იარაღი, წინამდებარე წიგნით თანაგრძნობას ვუცხადებ ხელოვანებს, რომელთა ხელში და გონებაში ხელოვნება ჩვეულებრივ ნორმებს სცილდება, დაწესებულ ჩარჩოებში არ ეტევა, ბოროტებას უპირისპირდება და კეთილი ნების ადამიანთა შორის „სიგიჟემდე“ ამაღლებულ გაბედულებად გარდაისახება...