1930-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული მწერალი უილიამ სომერსეტ მოემი, 1874 წელს დაიბადა პარიზში. ბავშვობაში მოემი მხოლოდ ფრანგულად ლაპარაკობდა, ინგლისური კი მხოლოდ მას მერე შეისწავლა, რაც 11 წლის ასაკში დაობლდა და ნათესავებთან გაამწესეს კენტის საგრაფოში. ინგლისში ჩასვლისთანავე ჭარბი ემოციებისგან მოემმა ენის ბორძიკი დაიწყო და მას მერე მთელი ცხოვრება ენაბლუობა თან სდევდა. უილიამი კენტერბერის სამეფო სკოლაში მიაბარეს სასწავლებლად. შემდეგ ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში დაეუფლა ლიტერატურასა და ფილოსოფიას. სწორედ იქ დაწერა თავისი პირველი ნაწარმოები – გერმანელი კომპოზიტორის მეერბერის ბიოგრაფია. თუმცა პირველი ნაწერი გამომცემელმა დაიწუნა და მოემმა ხელნაწერი დაწვა. პირველი წარმატება მოუტანა პიესამ „ლედი ფრედერიკი“, რომელიც 1907 წელს გამოაქვეყნა. პირველი მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის დაზვერვის აგენტის რანგში რუსეთშიც გაგზავნეს. დაზვერვაში მუშაობის პერიოდი აისახა მისი 14 მოთხრობისგან შემდგარ კრებულში „ეშენდენი, ანუ ბრიტანელი აგენტი“. ომის შემდეგ წარმატებული დრამატურგიული პერიოდი ჰქონდა, დაწერა პიესები. დიდი წარმატებით სარგებლობდა მისი რომანები. 1919 წელს ახალი შთაბეჭდილებების საძიებლად ჩინეთში გაემგზავრა, მოგვიანებით კი - მალაიზიაში. ამ ემოციებმა მოთხრობების კიდევ ორ კრებულს ჩაუყარა საფუძველი.