იუკიო მისიმა ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი და პოპულარული იაპონელი მწერალია. იაპონურ კულტურასა და თავის სამშობლოზე, მის წარსულზე შეყვარებულმა მისიმამ არა მხოლოდ შემოქმედება მიუძღვნა იაპონიას, არამედ საკუთარი თავიც მსხვერპლად შესწირა. იუკიო მისიმას ნამდვილი სახელი და გვარი კიმიტაკე ხირაოკაა. იგი 1925 წლის 14 იანვარს დაიბადა მსხვილი სახელმწიფო მოხელის ოჯახში. 12 წლამდე კიმიტაკე ბებიასთან იზრდებოდა, რომელიც თეატრისა და პროზის დიდი მოყვარული იყო და ბავშვსაც გაუღვივა ეს სიყვარული. მისიმას ბავშვობიდან სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა და პრაქტიკულად, თანატოლებისგან განცალკევებით იზრდებოდა, ვერ თამაშობდა მათთან ერთად და სკოლასაც ხშირად აცდენდა. ამ განდეგილობამ მის მომავალ მსოფლმხედველობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. მამის სურვილის თანახმად, სკოლის დამთავრების შემდეგ ტოკიოს უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, სადაც გერმანულ სამართალს სწავლობდა. იმავე პერიოდში გაიტაცა გერმანულმა რომანტიზმმა, თომას მანისა და ფრიდრიხ ნიცშეს შემოქმედებამ. 1946 წელს მისიმამ კამაკურუში ჩააკითხა იაპონიის კლასიკოსად აღიარებულ მწერალ იასუნარი კავაბატას და თავისი პირველი ჩანაწერები უჩვენა. კავაბატას რეკომენდაციით, სულ მალე მისიმას პატარა მოთხრობა „სიგარეტი“ დაიბეჭდა ჟურნალში „ადამიანი“. ასე შევიდა ლიტერატურის სამყაროში უფროსი ოსტატის პროტექციით და ცხოვრების ბოლომდე დიდი პატივისცემით იხსენიებდა კავაბატას. მისიმა იმ პერიოდში ვარჯიშმაც გაიტაცა - იაპონურ საბრძოლო ხელოვნებას ეუფლებოდა. იმავე წლებში აქტიურად მსჯელობდა პატრიოტიზმსა და იაპონიის მომავალზე. 1965 წელს დაიწერა ნოველა „პატრიოტიზმი“, რომლის მთავარი გმირი სწორედ ავტორია. დაწერა რამდენიმე პუბლიცისტური ნაშრომი „ძლიერი იაპონიის“ თემაზე, რომელსაც აწმყოში ვეღარ ხედავდა. 1970 წლის 25 ნოემბერს, ველური აღტკინებით შეპყრობილმა მისიმამ გრანდიოზული გეგმა განახორციელა. ოფიციალური ვიზიტის საბაბით მორიტასა და კიდევ რამდენიმე წევრთან ერთად თავდაცვის ქვეითი ჯარების ბაზას ესტუმრა და ბაზის მეთაური მძევლად აიყვანა. მისი კაბინეტის აივნიდან ჯარისკაცებს მიმართა, სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ და იაპონიისთვის უწინდელი დიდება დაებრუნებინათ. თუმცა სახელმწიფო გადატრიალების თეატრალიზებულ მოწოდებას რეაქცია არ მოჰყოლია. იმედგაცრუებულმა და დათრგუნვილმა მისიმამ იქვე, აივანზე ჩაიტარა ხარაკირი და თავი მოიკლა.
- იუკიუ მისიმა (1925-1970)
- სიკვდილი შუა ზაფხულში
- გაზეთი
- ღოლოს ყვავილები
- ზღვა და დაისი
- პატრიოტიზმი
- „სიგას ტაძრის წმინდა ბერის სიყვარული“
- წყლის ხმა