ვინც 1996 წლის 11 მაისს უიმისოდ დარჩენილ პატარა სამუშაო ოთახში შევიდა, საწერ მაგიდაზე უთუოდ დაინახა მცირე ზომის ქაღალდი ზედ წარწერით - „ჩემი მესამე წიგნის სათაური და ბოლო სიტყვები - „ახლა კი, ფარდა!..“
თუ წიგნია ნახსენები, მისი სათაური და დასასრულად გათვალისწინებული სიტყვები, ეს იმას ნიშნავს, რომ ნაწარმოები თავიდან ბოლომდეა გააზრებული, მაგრამ, ვაი, რომ არგანხორციელებული...
დიდ საქაღალდეში თავმოყრილი მისი ბოლო წიგნის ხელნაწერი ფურცლების ერთი ნაწილი გარკვეული თანამიმდევრობითაა დალაგებული, მეორე - ნაფიქრ-ნააზრევის ცალკეული ფრაგმენტებია მხოლოდ. ყველა ერთად კი, არსებითად, მისი ფიქრების ნაკადია. ამიტომაც არაა მწყობრი და გამართული ისე, მას რომ სჩვეოდა საერთოდ. ზოგი ფრაგმენტი დასათაურებულია, ზოგი - არა. შიგადაშიგ ფურცლის მინდორზე ისეთი მინაწერია, მის გარდა რომ ვერავინ გაიგებს. ზოგჯერ ერთხელ უკვე თქმული მეორდება - რატომ? უამრავი „რატომ“ იბადება და რჩება უპასუხოდ, რადგან მოპასუხე აღარაა. არც წიგნია. მასალაა მხოლოდ ფიქრთა ნაკადის წყვეტილად ამსახველი. იქნებ, ასეც ჰქონდა ჩაფიქრებული წიგნის აღნაგობა მის ავტორს? ვინ იცის...
დიდი ქართველი რეჟისორის მიხეილ თუმანიშვილის სათეატრო ხელოვნების შესახებ ფიქრთა ნაკადს ხელუხლებლად ვთავაზობთ მკითხველს. ვფიქრობთ, ის ამნაირი წიგნითაც ბევრს გაიგებს მისი ავტორის და საერთოდ სათეატრო ხელოვნების შესახებ - წყვეტილ ფიქრსაც შეუძლია გვაუწყოს რაღაც ძალზე მნიშვნელოვანი. გააჩნია, ვინ ფიქრობს... მით უფრო, რომ ამ ფიქრებს თან ერთვის ადრე გამოქვეყნებული მისი წერილები სათეატრო ხელოვნების შესახებ და არსებობს მისი ორი შესანიშნავი წიგნი „სანამ რეპეტიცია დაიწყება“ და „რეჟისორი თეატრიდან წავიდა“.
ნ. ურუშაძე
- ყდა
- თავფურცელი
- წინასიტყვაობა
- თავი I
- თავი II
- თავი III
- თეატრზე ნაფიქრიდან
- წერილები
- პედაგოგად უნდა დაიბადო
- სად მიდიან ყველანი ნეტავ?
- საუბარი რეჟისორობის მსურველებზე
- ფიქრები თეატრის ირგვლივ
- სპექტაკლი აღსარება უნდა იყოს...
- ღამის ფიქრები
- ჟან ანუის „ანტიგონე“
- პირველი აქტი
- მეორე აქტი
- რეპლიკები „ანტიგონეს“ განხილვის შემდეგ
- პრემიერის შემდეგ
- „ ზაფხულის ღამის სიზმარი“
- იმპროვიზაცია ჩეხოვის „ალუბლის ბაღის“ თემაზე