კალათა

დეტალურად

ანდრეი პლატონოვის ცხოვრება და სამწერლო მოღვაწეობა რუსეთის ისტორიის ურთულეს პერიოდს დაემთხვა: ეს ის დრო იყო, როცა ბოლშევიკური ხელისუფლება ყველასგან, ყველაზე მეტად კი მწერლობისგან, აღფრთოვანებასა და ტაშისცემას მოითხოვდა და ყოველგვარ კრიტიკულ აზრს კრძალავდა. პლატონოვი პირველ ხანებში შერისხულთა სიაში არ მოხვედრილა. მაგრამ ასე იყო მხოლოდ 1929 წლამდე, როცა ჟურნალ „ოქტიაბრში“ გამოქვეყნდა მისი მოთხრობა „დაეჭვებული მაკარი“. სტალინმა ყურადღება მიაქცია ამ მოთხრობას და მიაწერა: „Талантливый писатель, но сволочь“. ზემოხსენებული ჟურნალის რედაქტორი ა. ფადეევი კი წერდა: „მე გამეპარა ა. პლატონოვის იდეურად ორაზროვანი მოთხრობა „დაეჭვებული მაკარი“, რის გამოც სტალინისაგან მაგრად მომხვდა, მოთხრობა ანარქისტულიაო“. მიუხედავად ამისა, პლატონოვი მეხოტბედ ვერ გარდაქმნეს. იგი მწერლის ჭეშმარიტი მოვალეობის ერთგული დარჩა. ამის დასტურია მოთხრობები, რომლებიც მომდევნო წლებში დაწერა და არამარტო რუსული, არამედ მსოფლიო ლიტერატურის შედევრებად არის მიჩნეული. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს რომანი „ჩევენგური“, რომლითაც მწერალმა წინასწარმეტყველურად განჭვრიტა, რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა კომუნიზმის მშენებლობის ბოლშევიკური მოდელის განხორციელებას. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ გამოაქვეყნა მოთხრობა „დაბრუნება“, რომელშიც იმდროინდელ ლიტერატურაში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვებით გამოწვეულ საზეიმო განწყობილება კი არ იყო ასახული, არამედ ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცის ბედი უშუალოდ, შეულამაზებლად იყო გადმოცემული. ამ მოთხრობის გამო მწერალს კრიტიკის რისხვა დაატყდა და მისი ნაწარმოებების გამოქვეყნება ფაქტიურად აიკრძალა. მწერლის დიდი ლიტერატურული მემკვიდრეობის უმეტესი ნაწილი მის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა. მისი მოთხრობები უცხოეთში ქვეყნდებოდა როგორც რუსულად, ასევე უცხოურ ენებზე. რუსეთში მხოლოდ მწერლის გარდაცვალებიდან ოცდაათი წლის შემდეგ დაიწყო მისი ნაწარმოებების ინტენსიური გამოქვეყნება და ა. პლატონოვმა ღირსეული ადგილი, უცხოეთის შემდგომ, მშობლიურ, რუსულ ლიტერატურაშიც დაიმკვიდრა.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • ანდრეი პლატონოვი - მწერალი და მოქალაქე
  • ელექტრობის სამშობლო
  • ილიჩის ჩამქრალი ნათურა
  • ალიზის სახლი სამაზრო ქალაქის ბაღში
  • ქვიშნარების მასწავლებელი
  • იუშკა
  • ბებერი მექანიკოსი
  • ვიოლინო