უჰან ავგუსტ სტრინდბერგს (1849-1912), შვედური ლიტერატურის ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენელს, საერთაშორისო აღიარება ძირითადად დრამატურგიამ მოუტანა; თუმცა, მისი ორმოცწლიანი შემოქმედება მოიცავს სხვა ჟანრის ნაწარმოებებსაც. სტრინდბერგის მთელი ლიტერატურული მემკვიდრეობა განმსჭვალულია ავტობიოგრაფიულობით. მისი რთული და ბობოქარი პირადი ცხოვრება და გატაცებები იმ დროის პოპულარული იდეებით (დარვინიზმითა თუ ოკულტიზმით) ხშირად უქმნიდა მას არაერთმნიშვნელოვან, სკანდალურ რეპუტაციას. წინააღმდეგობრიობა სტრინდბერგის ერთგვარი სამარკო ნიშანია. იგი მრავალი ხელოვანისთვის გახდა შთაგონების წყარო, მათ შორის გენიალური შვედი რეჟისორის, ინგმარ ბერგმანისთვისაც. კრებულში წარმოდგენილი სამი პიესიდან „ზმანება“ სამართლიანად მიიჩნევა მოდერნისტული დრამატურგიის შედევრად; „ფრეკენ ჟული“ კლასიკური ნატურალისტური დრამაა, რომელიც მსოფლიოს სათეატრო რეპერტუარში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დადგმული პიესაა. საქართველოში ის 2012 წელს „სამეფო უბნის თეატრშიც“ დაიდგა. „მასზე ძლიერი“ კი სტრინდბერგის კიდევ ერთი ინოვაციის, მონოდრამის მცირე ნიმუშია. კრებულში ასევე შესულია რომანი „ჰემსელები“ – სტრინდბერგის შემოქმედების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები. მასში აღწერილია სტოკჰოლმის არქიპელაგის კუნძულ ჰემსეს მცხოვრებთა ყოველდღიური ყოფა და წინა პლანზეა წამოწეული საზოგადოებაში ადამიანის თვითდამკვიდრების პრობლემა, რასაც ავტორი ზედმიწევნით კარგად იცნობდა. რომანის მთავარი პერსონაჟების – მადამ ფლუდისა და მისი ვაჟის, გუსტენის პროტოტიპებიც რეალური პიროვნებები არიან. თავის დროზე სტრინდბერგი მკაცრად გააკრიტიკეს პროვინციული შვედეთის ყოველდღიური ცხოვრების მისეული აღქმის გამო – იმდენად, რომ რომანის გამოცემის შემდეგ (1887 წ.) მწერალს არქიპელაგზე ჩასვლაც კი აუკრძალეს.
- ყდა
- თავფურცელი
- ჰემსელები
- თავი პირველი
- თავი მეორე
- თავი მესამე
- თავი მეოთხე
- თავი მეხუთე
- თავი მეექვსე
- თავი მეშვიდე
- ფრეკენ ჟული
- მასზე ძლიერი
- ზმანება
- სქოლიო